განცხადება საზოგადოებრივი ადვოკატების შეფასების წესსა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით

11 სექტემბერი 2018

საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის მომართვის საფუძველზე, ჩვენთვის ცნობილია, რომ საზოგადოებრივი ადვოკატების ნაწილი სასამართლო წესით ასაჩივრებს იურიდიული დახმარების საბჭოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში ინერგება იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესები და კრიტერიუმები. მოსარჩელე ადვოკატთა წუხილს იწვევს ის ფაქტი, რომ ზემოხსენებულმა შეფასების სისტემამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საადვოკატო საქმიანობის ორ უმთავრეს პრინციპს: ადვოკატის დამოუკიდებლობასა და კონფიდენციალურობას.

აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ მიმართა ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭოს (CCBE) თხოვნით, წარმოედგინა საკუთარი მოსაზრება იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. CCBE-ის საპასუხო წერილში ვკითხულობთ:

CCBE-ის სურს გამოხატოს სერიოზული შეშფოთება იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს იურიდიული პროფესიის უმთავრესი პრინციპების, განსაკუთრებით კი - დამოუკიდებლობის და კონფიდენციალობის პრინციპების დარღვევა.“

ასევე, „შემოთავაზებული ხარისხის შეფასების სისტემის წესები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს და აგრეთვე ევროკავშირის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის 47 და 48(2) მუხლებს და ამ მუხლებთან დაკავშირებულ სამართლებრივ პრაქტიკას.“

„ადვოკატების მიერ იურიდიული დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით, CCBE-ის რეკომენდაციები ადგენს, რომ ამგვარი მონიტორინგი შესაძლოა ჩატარდეს შესაბამისი ადვოკატთა ასოციაციის მიერ და არა იურიდიული დამხარების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სხვა შესაძლო სუბიექტის მიერ.“

CCBE-ის წერილის სრული ვერსიის გასაცნობათ იხილეთ: ინგლისური / ქართული

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს იურიდიული დახმარების საბჭოს განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების სისტემას და უზრუნველყოს ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომლითაც სრულად იქნება გარანტირებული ადვოკატის დამოუკიდებლობისა და პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპები.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი