საინფორმაციო სააგენტოს ,,პირველი“ პრეს–კლუბში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ და ორგანიზაცია ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ გამგეობის თავმჯდომარე დავით ასათიანმა პრესკონფერენცია გამართეს ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით. რომელიც პროფესიული საიდუმლოების პრინციპს არღვევს.
,,ადვოკატთა შსახებ“ კანონის მეშვიდე მუხლს (პროფესიული საიდუმლოება) ემატება მესამე პუნქტი, რომლის თანახმად, ადვოკატი ვალდებული იქნება ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარიგების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული კანონით და ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით ,,ადვოკატსა და კლიენტს შორის ინფორმაცია კონფიდენციალური უნდა იყოს. თუ სახელმწიფო ამ კონფიდენციალურობის პრინციპს შეეხება, გამოდის, რომ ადვოკატი სახელმწიფო უწყებების თანამშრომელი ხდება.“
პრესკონფერენციაზე დავით ასათიანმა და კახა კოჟორიძემ ცალსახად აღნიშნეს, რომ კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს და განხილვაში არასამთავრობო სექტორი ჩაერთოს.