ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა გია ხუხაშვილის მიერ ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის გამო პრესკონფერენცია გამართა. ზაზა ხატიაშვილმა წარმოადგინა მტკიცებულება გია ხუხაშვილის მიერ პრემიერ–მინისტრის ეკონომიკური მრჩევლის თანამდებობის რეალურად დაკავების თაობაზე და მთავარ პროკურორს გია ხუხაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართა.
ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნა, რომ ,, პრემიერ - მინისტრის ეკონომიკური მრჩევლის რანგში გია ხუხაშვილის მიერ ზარის განხორციელება ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან, რასაც გია ხუხაშვილიც ადასტურებს, არის ადვოკატის საქმიანობაში ხელის შეშლა. პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩევლის რანგში, გია ხუხაშვილის მხრიდან, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას და სხვა ადვოკატებთან საუბრის ჩაწერა მათი წინასწარი ინფორმირების გარეშე, არის უკანონო ჩაწერა რაც დასჯადი ქმედებაა. პრემიერ - მინისტრის ეკონომიკური მრჩევლის რანგში გია ხუხაშვილის მხრიდან მონაწილეობა ორი ფინანსური სუბიექტის ფინანსური დავის მოგვარებაში, პატარკაციშვილის ოჯახსა და ვანო ჩხარტიშვილს შორის და ამ მიზნით პატარკაციშვილის ოჯახის და ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის ადვოკატებთან შეხვედრა მისი მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების კლასიკური მაგალითია“.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მოითხოვს, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა გია ხუხაშვილის მიმართ, თანამდებობის ბოროტად გამოყენების, კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის და ადვოკატის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო.