ასოციაციის განცხადება

31 მარტი 2019

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მომართა ადვოკატმა პაატა ნაკაიძემ, რომლის განმარტებით, 2019 წლის 29 მარტს, ქალაქ ბათუმში, მის საადვოკატო ბიუროში, კლიენტისათვის კონსულტაციის გაწევის პროცესში, ოფისში უხეში ფორმით შეიჭრნენ სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფი პირები, რომლებმაც მოქალაქე ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ადვოკატის განმარტებით, სამართალდამცავებს წინააღმდეგობას ისედაცარავინ უწევდა და უფრო მეტიც, ისინი წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი, რომ მოქალაქე ნებაყოფლობით აპირებდა პოლიციის განყოფილებაში მისვლას.

პოლიციელების მხრიდან ძალის უხეშმა დემონსტრირებამ საადვოკატო ბიუროში გამოიწვია არეულობა და ქაოსი, რითაც საფრთხის ქვეშ დადგა იქ მყოფი პირების როგორც უსაფრთხოება, ისე კლიენტისა და ადვოკატის კომუნიკაციის კონფიდენციალურობა. ამასთან, ადვოკატს ხელი შეეშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში. ადვოკატ პაატა ნაკაიძის განცხადებით, აღნიშნული ქმედებებსა და ძალის დემონსტრირებაში მონაწილეობდა საქმეში სავარაუდოდ დაზარალებულად ცნობილი პოლიციელიც.
“ადვოკატთა შესახებ” კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად - დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, ადვოკატის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ადვოკატზე სახელმწიფო ორგანოს ან/და სხვა პირის არასათანადო ზემოქმედება, მისი დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის უფლებათა დაცვის კომიტეტმა შეისწავლა აღნიშნული ინციდენტი და მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების ძირითადი პრინციპების, კერძოდ - დამოუკიდებლობის, კლიენტთან კომუნიკაციის თავისუფლებისა და კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევას. 

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეისწავლონ ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის და საადვოკატო ბიუროში ძალის გადამეტების სავარაუდო ფაქტები და მოახდინონ დროული და ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი