ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების რეგლამენტი

6 დეკემბერი 2025

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ ასოციაციის არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატის - მუხრან ღურწკაიას მიერ გავრცელებულ სრულიად უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებებს აღმასრულებელი საბჭოს მიერ მიღებულ საერთო კრების რეგლამენტთან დაკავშირებით. 

2025 წლის 05 დეკემბერს, ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ, საჯარო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ყველა დაინტერესებული თავმჯდომარეობის კანდიდატი და მათი არაერთი წარმომადგენელი, განიხილა საერთო კრების რეგლამენტის პროექტი. პროექტის ხანგრძლივი, მუხლობრივი განხილვის საფუძველზე, რომელშიც დაინტერესებულ კანდიდატებთან ერთად, პირადად მონაწილეობდა მუხრან ღურწკაია, გათვალისწინებულ იქნა ყველა კანონშესაბამისი და რელევანტური შენიშვნა თუ წინადადება. პროექტის მუხლობრივი კენჭისყრის შემდეგ, აღმასრულებელმა საბჭომ ერთიანად უყარა კენჭი პროექტს და ერთხმად დაამტკიცა რეგლამენტის საბოლოო რედაქცია. აღსანიშნავია, რომ როგორც საბჭოს წევრთა, ისე სხდომაზე დამსწრე სხვა კანდიდატთა მხრიდან რეგლამენტის საბოლოო ვერსიის მიმართ პრეტენზია არ გამოთქმულა. 

ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ, რეგლამენტის მიღებისას, არ გაიზიარა ისეთი კანონშეუსაბამო და არარელევანტური წინადადებები, როგორიცაა:

  • საარჩევნო ბიულეტენში კანდიდატის სახელისა და გვარის გვერდით, კონკრეტული თავმჯდომარეობის კანდიდატის გუნდის წევრობის მითითება;
  • არჩევნების დროს ადვოკატებისთვის მობილური ტელეფონებით სარგებლობის (ფოტო-ვიდეო გადაღება) უფლების აკრძალვა;
  • ხმის დამთვლელი კომისიის შემადგენლობაში თავმჯდომარეობის კანდიდატების წარმომადგენლების პირდაპირ შეყვანა, მაშინ როცა მოქმედი კანონმდებლობით ხმის დამთვლელი კომისიის წევრებს ღია კენჭისყრით ირჩევს საერთო კრება; 
  • ადვოკატებზე მარკირების სითხის გამოყენება და სპეციალური ხმოვანი აპარატების (დღემდე გაუგებარია რა ხმოვან აპარატებზეა საუბარი) დადგმა.

საკითხის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მზად ვართ გავასაჯაროოთ, როგორც მუხრან ღურწკაიას განცხადების ტექსტი ზემოაღნიშნული კანონშეუსაბამო და არარელევანტური მოთხოვნებით, ისე საბჭოს სხდომის მიმდინარეობის სრულად ამსახველი მტკიცებულება. 

ასოციაციის წევრებს დამატებით ვაცნობებთ, რომ საერთო კრების რეგლამენტი სრულად უზრუნველყოფს ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ და ყველა წევრის თუ კანდიდატის უფლებების დაცვით ჩატარებას. რეგლამენტში გათვალისწინებულია, როგორც ხმის დამთვლელი კომისიის წევრების კრების მიერ ღიად არჩევის პროცედურა, ისე დამკვირვებლებისა და მედიის ფართო წარმომადგენლობა. კერძოდ, საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნებისთვის, თითოეულ სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიეცა უფლება წარმოადგინოს 2, ხოლო თითოეულ თავმჯდომარეობის კანდიდატს 4 დამკვირვებელი (ჯამში, დაახლოებით 40-მდე დამკვირვებელი), რომელთაც თავისუფლად შეეძლებათ როგორც არჩევნებზე უშუალო დაკვირვება, ისე აუდიო-ვიდეო გადაღების განხორციელება (ხმის მიცემის ფარულობის დაცვით). დამატებით გათვალისწინებულია არჩევნების მსვლელობის სრული ვიდეო-ტრანსლაცია რეალურ დროში, სპეციალური მონიტორის საშუალებით. აღნიშნულ საკითხებზე და ასევე, კრებაზე დამკვირვებელთა წარდგენის პროცედურებზე გთხოვთ, დეტალურად იხილოთ რეგლამენტი

მოვუწოდებთ არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, იხელმძღვანელონ იურიდიული პროფესიის ღირსების, ინდივიდუალური ადვოკატის კარგი რეპუტაციისა და კოლეგიალური პატივისცემის პრინციპებით და თავი შეიკავონ ასოციაციის საარჩევნო პროცესის ხელოვნური დისკრედიტაციისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან. 

ასოციაცია წარმატებას უსურვებს არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს!
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი