სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის
“პროფესიული ადაპტაციის პროგრამის” 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა 

 

მუხლი 1. პროფესიული ადაპტაციის პროგრამის დებულების საფუძველი 

წინამდებარე დებულება დამტკიცდა სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ (შემდგომში - “ასოციაცია”) აღმასრულებელი საბჭოს მიერ “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის, ისევე როგორც ასოციაციის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის “ბ1” ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-15 მუხლის პირველი პუნქტის “ნ1” და “ტ” ქვეპუნქტების საფუძველზე.         

მუხლი 2. პროფესიული ადაპტაციის პროგრამის არსი და მიზანი

ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამა (შემდგომში, „ადაპტაციის პროგრამა“) წარმოადგენს “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო კომპონენტს, რომელიც უზრუნველყოფს პირის პრაქტიკული ცოდნითა და საადვოკატო უნარ-ჩვევებით აღჭურვას და ხელს უწყობს პროფესიაში მის წარმატებულ ინტეგრაციას.  

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები

3.1 პროფესიული ადაპტაციის პროგრამა - “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული ადვოკატის სტატუსის მიღების სავალდებულო წინაპირობა, რომელიც 1-წლიანია და შედგება თეორიული ნაწილისა და სტაჟირებისაგან. 
3.2. ადაპტაციის პროგრამის მონაწილე - არის უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა, მოსამართლეთა ან პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ამ დებულების შესაბამისად დარეგისტრირებულია პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილედ. 
3.3. სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატი - ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი წევრი, რომელიც აკმაყოფილებს “ადვოკატთა შესახებ” კანონის და წინამდებარე დებულების მოთხოვნებს და აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით შეტანილია სტაჟირების ხელმძღვანელ ადვოკატთა სიაში. 
3.4. ადვოკატის სტაჟიორი - “ადვოკატთა შესახებ” კანონის მე-16 მუხლისა და ამ დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, სტაჟირების ხელმძღვანელ ადვოკატთან განწესებული ადაპტაციის პროგრამის მონაწილე, რომელიც გადის ადაპტაციის პროგრამის სტაჟირების ნაწილს (შემდგომში - სტაჟიორი). 
3.5. სასწავლო ცენტრი - ასოციაციის აპარატის შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ორგანიზებას უწევს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდას, განგრძობად იურიდიულ განათლებას, ადაპტაციის პროგრამას და ასოციაციის მიერ ინიცირებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს. 
3.6. საგანმანათლებლო საბჭო - ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს საგანმანათლებლო სტრატეგიას, პროფესიაში შესვლის, განგრძობადი იურიდიული განათლების და ადვოკატთა სტაჟირების სტანდარტებს/წესებს და დასამტკიცებლად წარუდგენს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს.

მუხლი 4. ადაპტაციის პროგრამის ხანგრძლივობა და განხორციელების წესი

4.1. ადაპტაციის პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს და შედგება ორი ნაწილისგან: 3-თვიანი თეორიული კურსი (შემდგომში - “თეორიული კურსი”) და 9-თვიანი სტაჟირება (შემდგომში - “სტაჟირება”). 
4.2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, საერთო სასამართლოების მოსამართლის ან/და პროკურორად მუშაობის 3 წლიანი სტაჟის მქონე პირები გადიან ადაპტაციის პროგრამის მხოლოდ თეორიულ კურსს. 
4.3. ადაპტაციის პროგრამა, როგორც წესი, ხორციელდება ყოველწიურად ორ ნაკადად: პირველი ნაკადი იწყება თებერვალში (საგაზაფხულო ნაკადი), ხოლო მეორე ნაკადი - სექტემბერში (საშემოდგომო ნაკადი). 
4.4. ადაპტაციის პროგრამის თითოეულ ნაკადზე მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 200 მონაწილით, რომელთა რეგისტაცია ხორციელდება პირველადი რეგისტრაციის პრინციპის საფუძველზე. პირი, რომელიც ვერ დარეგისტრირდება მიმდინარე ნაკადზე, ადაპტაციის კურსს გაივლის მომდევნო ნაკადის ფარგლებში. 
4.5 თეორიული კურსის განხორციელების ადგილია - ქალაქი თბილისი, ასოციაციის ოფისი ან/და კურსისთვის გამოყოფილი ალტერნატიული ფართი. 
4.6. თეორიული კურსი ტარდება სასწავლო ცენტრის მიერ განსაზღვრული კალენდრისა და დროის მიხედვით, რომელიც წინასწარ ეცნობება პროგრამის მონაწილეს. 

მუხლი 5. ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტრაციის წესი 

5.1. ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტრაცია, როგორც წესი, ხორციელდება იანვარში, საგაზაფხულო ნაკადისთვის და აგვისტოში, საშემოდგომო ნაკადისთვის.  
5.2. ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტრაცია ცხადდება საჯაროდ, ასოციაციის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე განცხადების განთავსების გზით. 
5.3. ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება არანაკლებ 10 დღით.
5.4. ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად შესაბამისი განაცხადის ფორმის შევსებით ასოციაციის ვებ-გვერდზე.  
5.5. ადაპტაციის პროგრამის გავლის მსურველმა პირმა განაცხადის ფორმას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები: 

(ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
(ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); 
(გ) ადვოკატთა, მოსამართლეთა ან პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი); 
(დ) ბიოგრაფია (CV); 
(ე) ელექტრონული ფერადი ფოტოსურათი 3X4-ზე;
(ვ) თეორიული კურსის საფასურის გადახდის ქვითარი, ანდა წინამდებარე დებულების მე-14 მუხლით  გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

5.6. რეგისტრაციის დასრულებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში, სასწავლო ცენტრი ამოწმებს განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას ამ მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება ხარვეზის თაობაზე, რომლის აღმოსაფხვრელად დამატებით ეძლევა 3 სამუშაო დღე. 
5.7. განმცხადებელთა სიას, რომელიც შესაბამისობაშია ფორმალურ მოთხოვნებთან, ამტკიცებს აღმასრულებელ საბჭო და სიაში შეტანილ პირს ენიჭება ადაპტაციის პროგრამის მონაწილის სტატუსი. 
5.8. ადაპტაციის პროგრამის მონაწილეთა სიის დამტკიცებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში, პროგრამის მონაწილეებს მიეწოდებათ ადაპტაციის პროგრამის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ადაპტაციის პროგრამის წესის, საგნების, ლექტორებისა და თეორიული კურსის კალენდრის თაობაზე. ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებს ასევე, მიეწოდებათ სტაჟირების ხელმძღვანელ ადვოკატთა სია და სტაჟირების ანგარიშისა და შეფასების ტიპიური ფორმები. 

მუხლი 6. ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსი 

6.1. ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსი ორიენტირებულია ადვოკატისთვის საჭირო პრაქტიკული უნარების-ჩვევების შემეცნებაზე.
6.2. თეორიული კურსი,სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით შედგება 60-საათიანი სასწავლო პროგრამისაგან, ხოლო საერთო სპეციალიზაციისათვის - 70-საათიანი სასწავლო პროგრამისაგან, რომელიც მოიცავს შემდეგ სავალდებულო მოდულებს: 

(ა) სამართლებრივი წერა (8 საათი);
(ბ) ადვოკატის პროფესიული ეთიკა (6 საათი);
(გ) კლიენტთან კომუნიკაცია, პირველი ინტერვიუ, ჰონორარზე შეთანხმება (8 საათი);
(დ) საადვოკატო საქმიანობის/ბიუროს ორგანიზება (6 საათი);
(ე) სასამართლო პროცესის წარმართვის უნარ-ჩვევები (10 საათი;20 საათი საერთო სპეციალიზაციისთვის);
(ვ) ორატორული ხელოვნება და პრეზენტაციის უნარები (10 საათი); 
(ზ) ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტები (6 საათი);
(თ) დავის ალტერნატიული მოგვარების მექანიზმები (6 საათი). 

6.3 ადაპტაციის პროგრამის მონაწილის დასწრება სამოქალაქო/სისხლის სამართლის სპეციალიზაციით უნდა შეადგენდეს არანაკლებ 45 საათს, ხოლო საერთო სპეციალიზაციით - არანაკლებ 55 საათს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე არ გაიცემა ცნობა თეორიული სწავლების ნაწილის გავლის თაობაზე. აღნიშნულ პირს უფლება აქვს თეორიული კურსი გაიაროს ადაპტაციის პროგრამის მომდევნო ნაკადების ფარგლებში, საფასურის სრულად  გადახდის საფუძველზე. 
6.4. ადაპტაციის პროგრამის მონაწილეთათვის სასწავლო ცენტრის მიერ შესაძლებელია ორგანიზებულ იქნას გასვლითი სასწავლო კომპონენტები მომიჯნავე პროფესიების საქმიანობის და საჯარო სერვისების თავისებურებათა გაცნობის მიზნით, შემდეგ ინსტიტუციებში: საერთო სასამართლოები, საგამოძიებო ორგანოები, იუსტიციის სახლი, აღსრულების ეროვნული ბიურო, ნოტარიუსთა პალატა, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი (საქპატენტი), კონკურენციის სააგენტო და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.
6.5. თეორიული კურსის დასრულების შემდეგ, ადაპტაციის პროგრამის მონაწილეზე გაიცემა ცნობა თეორიული სწავლების ნაწილის გავლის თაობაზე, რომელიც ადაპტაციის პროგრამის მონაწილის მიერ წარედგინება სტაჟირების ხელმძღვანელ ადვოკატს და იმავდროულად ინახება მის პირად საქმეში.  

მუხლი 7. თეორიული კურსის ტრენერთა შერჩევა 

7.1. თეორიული კურსით გათვალისწინებული სასწავლო მოდულებს და ტრენერებს, ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ამტკიცებს აღმასრულებელი საბჭო. 
7.2. ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭო ტრენერების კანდიდატების შერჩევისას ითვალისწინებს კანდიდატის პრაქტიკულ, პედაგოგიურ და პროფესიულ გამოცდილებას კონკრეტული სასწავლო მოდულის მიმართულებით. 

მუხლი 8. სტაჟირება 

8.1. ადაპტაციის პროგრამის სტაჟირების ნაწილი ორიენტირებულია სტაჟიორის მიერ პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, “სწავლება-კეთების” მეთოდის გამოყენებით, სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის უშუალო მეთვალყურეობით.
8.2. სტაჟირება, როგორც წესი, წარიმართება პრაქტიკული დავალებების შესრულებით, სტაჟირების ხელმძღვანელ ადვოკატსა და სტაჟიორს შორის შეთანხმებული ინდივიდუალური გეგმისა და განრიგის საფუძველზე. 
8.3. სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატი უზრუნველყოფს სტაჟიორის მონაწილეობას პროფესიულ საქმიანობაში შემდეგი მინიმალური პრაქტიკული დავალებების შესრულების გზით: 

(ა) სამოქალაქო სამართლის მიმართულებით:
►ხელშეკრულების მომზადება;
►კორპორატიული დოკუმენტების მომზადება;
►საპროცესო დოკუმენტების შედგენა;
►კლიენტთან კომუნიკაცია; 
►სამართალწარმოებაში (სასამართლო სხდომა) მონაწილეობის მიღება;
►საჯარო სერვისებთან ურთიერთობა.

(ბ) სისხლის  სამართლის მიმართულებით:
►საპროცესო დოკუმენტების მომზადება;
►კლიენტთან კომუნიკაცია;
►სამართალწარმოებაში (სასამართლო სხდომა) მონაწილეობა;
►საჯარო სერვისებთან ურთიერთობა.

(გ) საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით:
►ხელშეკრულების მომზადება;
►კორპორატიული დოკუმენტების მომზადება;
►საპროცესო დოკუმენტების მომზადება;
►კლიენტთან კომუნიკაცია; 
►სამართალწარმოებაში (სასამართლო სხდომა) მონაწილეობის მიღება;
►საჯარო სერვისებთან ურთიერთობა.

8.4. სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატი და სტაჟიორი არ არიან შეზღუდული პროგრამის ფარგლებში ორმხრივი შეთანხმებით განახორციელონ დამატებითი პრაქტიკული დავალებები. 
8.5. სტაჟირების განმავლობაში სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატი უშუალოდ ზედამხედველობს სტაჟიორის მიერ შესრულებულ სამუშაოს და სტაჟირების დასრულების შემდეგ ასოციაციას წარუდგენს “ანგარიშს სტაჟირების მიმდინარეობისა და სტაჟირებით გათვალისწინებული მინიმალური პროგრამის შესრულების თაობაზე”, ტიპიური ფორმის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ამ დებულების განუყოფელ ნაწილს (დანართი #1). 
8.6. სტაჟირების მიმდინარეობისას და სტაჟირების დასრულების შემდეგ, სტაჟიორი ასოციაციას წარუდგნს: 

(ა) სტაჟირების 3 თვის გასვლის შემდეგ, “შუალედურ ანგარიშს შესრულებული სამუშაოს თაობაზე”, ტიპიური ფორმის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ამ დებულების განუყოფელ ნაწილს (დანართი #2); 
(ბ) სტაჟირების 9 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, “საბოლოო ანგარიშს შესრულებული სამუშაოს თაობაზე”, ტიპიური ფორმის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ამ დებულების განუყოფელ ნაწილს (დანართი #3); 
(გ) სტაჟირების დასრულების შემდეგ, “სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის შეფასებას", ტიპიური ფორმის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ამ დებულების განუყოფელ ნაწილს (დანართი #4).  

8.7. სტაჟირების დასრულების შემდეგ, სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის მიერ სტაჟიორზე გაიცემა - სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც სტაჟიორის მიერ წარედგინება ასოციაციას და ინახება მის პირად საქმეში.
8.8. სტაჟიორის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები და შეფასების ფორმა, ასევე, სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის მიერ  წარმოდგენილი ანგარიში სტაჟირების მიმდინარეობისა და მინიმალური პროგრამის შესრულების თაობაზე ინახება ადაპტაციის პროგრამის მონაწილის პირად საქმეში. 
8.9. ადაპტაციის პროგრამის მონაწილეთა პირადი საქმეების ბაზის წარმოება ხორციელდება ელექტრონული ფორმით. 

მუხლი 9. სტაჟიორის მიერ სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის შერჩევა 

9.1. წინამდებარე დებულების 5.8. პუნქტით დადგენილი წესით, სტაჟიორს გადაეცემა სტაჟირების ხელმძღვანელ ადვოკატთა სია, რომელიც მოიცავს სტაჟირების ხელმძღვანელ ადვოკატთა საკონტაქტო ინფორმაციას, მოკლე ბიოგრაფიას, საქმიანობის ადგილსა და მისაღები სტაჟიორების რაოდენობას.
9.2. სტაჟიორი, თავისი სურვილის შესაბამისად და ჩაბარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდით განსაზღვრული სპეციალიზაციის მიხედვით, ირჩევს სტაჟირების ხელმძღვანელ ადვოკატს/ადვოკატებს (არაუმეტეს 10-ისა) და თეორიული კურსის დაწყებიდან 20 დღის ვადაში მიმართავს მას (მათ) სტაჟიორად განწესების თაობაზე, სამოტივაციო წერილისა და ბიოგრაფიის (CV) წარდგენის გზით. 
9.3. სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატი განიხილავს სტაჟიორის სამოტივაციო წერილსა და ბიოგრაფიას (CV) და სტაჟიორის მიღების/მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას აცნობებს სტაჟიორს მიმართვიდან არაუგვიანეს 10 დღისა. 
9.4. რამდენიმე სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატისადმი მიმართვისას, ერთზე მეტი დადებითი პასუხის შემთხვევაში, სტაჟიორი კონკრეტული სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის შერჩევის თაობაზე 3 დღის ვადაში აცნობებს სტაჟირების სხვა ხელმძღვანელ ადვოკატებს. 
9.5. სასურველი სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატისგან (ადვოკატებისგან) უარყოფითი პასუხის (პასუხების) მიღების შემთხვევაში, სტაჟიორს შეუძლია, ჩაბარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდით განსაზღვრული სპეციალიზაციის მიხედვით, მიმართოს სხვა სტაჟირების ხელმძღვანელ ადვოკატს/ადვოკატებს (მაგრამ არაუმეტეს 10-ისა), უარის მიღებიდან არა უგვიანეს 20 დღის ვადაში. 
9.6. სტაჟიორი, რომელიც თეორიული კურსის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში ვერ განწესდება ვერც ერთ სტაჟირების ხელმძღვანელ ადვოკატთან, სტაჟირების ხელმძღვანელი შეირჩევა სასწავლო ცენტრის მიერ ანდა სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატი დაენიშნება ასოციაციის ბაზაზე შექმნილი იურიდიული კლინიკის ფარგლებში. 
9.7. სტაჟირების ეფექტიანად განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე, ასოციაციამ შესაძლოა, შესაბამისი შეთანხმების ანდა აკრედიტაციისა საფუძველზე, ითანამშრომლოს საქართველოში მოქმედ სხვა იურიდიულ კლინიკებთან.  
9.8. სტაჟიორი, სტაჟირების ხელმძღვანელის შერჩევიდან 5 დღის ვადაში, განცხადებით მიმართავს ასოციაციას კონკრეტული სტაჟირების ხელმძღვანელ ადვოკატთან განწესების თაობაზე. 
9.9. ასოციაციას, სტაჟიორსა და სტაჟირების ხელმძღვანელ ადვოკატს შორის იდება “მემორანდუმი (სამმხრივი შეთანხმება) სტაჟირების განხორციელების თაობაზე”, ტიპიური ფორმის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ამ დებულების განუყოფელ ნაწილს (დანართი #5).  

მუხლი 10. სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატი

10.1. სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატი არის ასოციაციის მოქმედი წევრი, რომელიც აკმაყოფილებს “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის და წინამდებარე დებულების მოთხოვნებს და აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით შეტანილია სტაჟირების ხელმძღვანელ ადვოკატთა სიაში. 
10.2. სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატი შეიძლება გახდეს ასოციაციის წევრი: 

(ა) რომელსაც აქვს ადვოკატად მუშაობის არანაკლედ 3-წლიანი გამოცდილება;
(ბ) რომელსაც აქვს საადვოკატო ბიურო/სამუშაო ადგილი; 
(გ) რომელიც არ არის სახდელდადებული ეთიკის კომისიის მიერ (არ ვრცელდება გაქარწყლებულ სახდელებზე).

10.3. ასოციაცია საჯაროდ აცხადებს რეგისტრაციას სტაჟირების ხელმძღვანელ ადვოკატთა შესარჩევად. ასოციაციის მოქმედი წევრები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის 10.2. პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, შეყვანილ იქნებიან სტაჟირების ხელმძღვანელ ადვოკატთა სიაში, აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით. 
10.4. სტაჟირების ხელმძღვანელ ადვოკატებად შერჩეული ასოცაციის წევრები გაივლიან შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარების სპეციალურ ტრენინგს. 
10.5. სტაჟირების ხელმძღვანელ ადვოკატს შეუძლია სტაჟირების ხელმძღვანელობა განახორციელოს ერთდროულად არაუმეტეს 5 სტაჟიორთან. 
10.6. სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატი  ვალდებულია სტაჟირების დასრულების შემდგომ არაუგვიანეს 10 დღისა, ასოციაციას წარუდგენოს “ანგარიში სტაჟირების მიმდინარეობისა და სტაჟირებით გათვალისწინებული მინიმალური პროგრამის შესრულების თაობაზე”, ამ დებულების დანართი #1-ის შესაბამისად. 
10.7. სტაჟირების ხელმძღვანელ ადვოკატს შეუჩერდება სტატუსი: 

(ა) პირადი განცხადებით;
(ბ) ასოციაციის წევრობის შეჩერების შემთხვევაში;

10.8. სტაჟირების ხელმძღვანელ ადვოკატს შეუწყდება სტატუსი: 

(ა) პირადი განცხადებით.
(ბ) პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული სახდელის დადების შემთხვევაში.
(გ) ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შემთხვევაში.

10.9. სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატისთვის სტატუსის შეჩერების ანდა შეწყვეტის შემთხვევაში, ასოციაცია უზრუნველყოფს სტაჟიორისთვის ალტერნატიული სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის შერჩევას სტაჟირების დარჩენილიო ვადით, სტაჟირების ხელმძღვანელ ადვოკატთა სიიდან ანდა იურიდიული კლინიკის ფარგლებში. 
10.10. თუ სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატი უარს აცხადებს გააგრძელოს სტაჟიორის ხელმძღვანელობა, აღნიშნულის შესახებ დასაბუთებული განცხადებით უნდა მიმართოს აღმასრულებელ საბჭოს. საკითხის გადაჭრის შეუძლებლობის შემთხვევაში, ასოციაცია უზრუნველყოფს სტაჟიორისთვის ალტერნატიული სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის შერჩევას დარჩენილი ვადით, სტაჟირების ხელმძღვანელ ადვოკატთა სიიდან ანდა იურიდიული კლინიკის ფარგლებში.
10.11. წახალისების ფორმის სახით, სტაჟირების ხელმძღვანელ ადვოკატს, მის მიერ განხორციელებული საქმიანობა ჩაეთვლება სავალდებულო განგრძობადი იურიდიული განათლების კრედიტ-საათებში, გარდა პროფესიული ეთიკის სავალდებულო კრედიტ-საათებისა. 

მუხლი 11.  ადვოკატის სტაჟიორი
 
11.1. ადვოკატის სტაჟიორი არის ადაპტაციის პროგრამის მონაწილე პირი, რომელიც “ადვოკატთა შესახებ” კანონის მე-10 მუხლის, მე-16 მუხლისა და წინამდებარე დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად გადის ადაპტაციის პროგრამის სტაჟირების ნაწილს. 
11.2. სტაჟიორი ვალდებულია კეთილსინდისიერად და პროფესიული სტანდარტების დაცვით უზრუნველყოს სტაჟირების პერიოდში ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება.
11.3. სტაჟიორი ვალდებულია დაიცვას “ადვოკატთა შესახებ” კანონის მე-7 მუხლით დადგენილი პროფესიული საიდუმლოების მოთხოვნები და კონფიდენციალურობა ყველა იმ ინფორმაციის მიმართ, რაც მისთვის ცნობილი და ხელმისაწვდომი გახდა სტაჟირების პერიოდში. სტაჟიორზე მსგავსი ვალდებულება ვრცელდება სტაჟირების პერიოდის დასრულების შემდგომაც, გასული დროის მიუხედავად. 
11.4. სტაჟიორი ვალდებულია სტაჟირების დასრულების შემდგომ, ასოციაციას წარმოუდგინოს წინამდებარე დებულების 8.6 და 8.7. პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები ტიპიური ფორმების შესაბამისად. 
11.5. სტაჟიორს კონკრეტული ვადით შეიძლება შეუჩერდეს სტაჟიორის სტატუსი პირადი განცხადების საფუძველზე, არაუმეტეს 2 წლისა. 
11.6. სტაჟიორს შეუწყდება სტაჟიორის სტატუსი: 

(ა) პირადი განცხადებით; 
(ბ) ამ მუხლის 11.3. პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში. 

11.7. თუ სტაჟიორი უარს აცხადებს უკვე შერჩეული სტაჟირების ხელმძღვანელ ადვოკატთან სტაჟირება გააგრძელებაზე, აღნიშნულის შესახებ დასაბუთებული განცხადებით მიმართავს  ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს. საკითხის გადაჭრის შეუძლებლობის შემთხვევაში, ასოციაცია უზრუნველყოფს სტაჟიორისთვის ალტერნატიული სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის შერჩევას დარჩენილი ვადით, სტაჟირების ხელმძღვანელთა სიიდან ანდა იურიდიული კლინიკის ფარგლებში.

მუხლი 12.  ადაპტაციის პროგრამის მონიტორინგი 

ასოციაციას უფლება აქვს განახორციელოს პროფესიული ადაპტაციის პროგრამის როგორც თეორიული კურსის, ისე სტაჟირების მიმდინარეობის სრული მონიტორინგი, ადაპტაციის პროგრამის მონაწილის, ლექტორის (ტრენერის) და სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

მუხლი 13. ადაპტაციის პროგრამის გავლის დამდასტურებელი დოკუმენტი 

13.1. ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსისა და სტაჟირების დასრულების შემდეგ, შესაბამისი ცნობების შემოწმების საფუძველზე, ასოციაციის მიერ ადაპტაციის პროგრამის მონაწილეზე გაიცემა პროფესიული ადაპტაციის პროგრამის სრული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი). 
13.2. ამ დებულების 4.2. პუნქტით გათვალისწინებელ პირებზე გაიცემა მხოლოდ 3-თვიანი თეორიული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი). 

მუხლი 14. ადაპტაციის პროგრამის საფასური

14.1. ადაპტაციის პროგრამის თეორიული ნაწილი ფასიანია და მისი ღირებულება შეადგენს 750 ლარს, რომელიც გადაიხდება წინასწარ. 
14.2. ადაპტაციის პროგრამის სტაჟირების ნაწილი უფასოა. 
14.3. ადაპტაციის პროგრამის მონაწილის მომართვის საფუძველზე, თეორიული კურსის საფასურის გადახდა შესაძლებელია მოხდეს ეტაპობრივად, სწავლების 3 თვეზე გადანაწილებით.
14.3 აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, ადაპტაციის პროგრამის თეორიული ნაწილის საფასურისგან თავისუფლდება პირი:

(ა) რომელმაც ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე მიიღო 97 – 100 ქულა;
(ბ) რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში;
(გ) რომელიც აღიარებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონედ.

მუხლი 15. გარდამავალი დებულებები

15.1. წინამდებარე დებულება ძალაში შედის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან. 
15.2. ადაპტაციის პროგრამა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც 2019 წლის 1-ელ იანვრამდე მიმართეს ასოციაციას გაწევრიანების თაობაზე ანდა დარეგისტრირდნენ ადვოკატის სტაჟიორად კანონით დადგენილი წესით. 
15.3. ადაპტაციის პროგრამის გავლისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც 2019 წლის 1-ელ იანვრამდე არიან ანდა იყვნენ ასოციაციის წევრები. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი