საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (შემდგომში „ასოციაციის“) ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი (შემდგომში “კომიტეტი”) წარმოადგენს ასოციაციის მუდმივმოქმედ ორგანოს.
1.2. კომიტეტი შექმნილია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების 15.1 მუხლის “წ” პუნქტისა და 161 მუხლის შესაბამისად. 
1.3. კომიტეტის საქმიანობის წესს (დებულებას) ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.
1.4. კომიტეტი შექმნილია უვადოდ, უფლებამოსილებას იწყებს წინამდებარე დებულების დამტკიცებისთანავე.

მუხლი 2. კომიტეტის საქმიანობის მიზანი

კომიტეტის მიზანია, ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესება ადვოკატთა კორპუსის აქტიური ჩართულობით.
 

მუხლი 3. კომიტეტის ამოცანები და საქმიანობა

3.1. კომიტეტის ამოცანებია: 

3.1.1. საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების დაცვის მხარდაჭერა  ქვეყანაში.

3.1.2. ხელი შეუწყოს ადვოკატების მიერ განსაკუთრებულად მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვების, ქალების, ხანდაზმულების და სხვა ჯგუფების უფლებების დაცვას; ადვოკატთა პროფესიულ საქმიანობაში გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის პრინციპების გაძლიერებას.

3.1.3. ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესახებ ინფორმაციისა და განათლების ფართედ გავრცელებას, როგორც პროფესიულ წრეებში, ისე ფართე საზოგადოებაში. 


3.2. თავისი ამოცანების განსახორციელებლად კომიტეტი: 

3.2.1  ამზადებს დასკვნებს, პროექტებს, რეკომენდაციებს, წინადადებებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მდგომარეობაზე ქვეყანაში, რომელსაც წარუდგენს ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატს. 
.
3.2.2. ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატთან კოორდინაციით ახორციელებს ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პროფესიულ ასოციაციებთან ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ერთობლივ კვლევებს, პროექტებსა და ინიციატივებს.
 
3.2.3.  ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატთან კოორდინაციით აწყობს ფორუმებს, სამუშაო შეხვედრებს და კონფერენციებს.

3.2.4. აღმასრულებელი საბჭოსათვის შეიმუშავებს საჯარო განცხადებების პროექტებს კომიტეტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

3.2.5. ასრულებს ნებისმიერ სხვა საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია მისი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასთან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასა და ასოციაციის წესდებას. 

მუხლი 4. კომიტეტის შემადგენლობა

4.1. კომიტეტი შედგება არაუმეტეს 30 ადვოკატი წევრისაგან.
4.2. კომიტეტს ჰყავს თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელი საბჭო.
4.3. კომიტეტის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე აირჩევა კომიტეტის უფლებამოსილების ვადით.
4.4. კომიტეტის დანარჩენ წევრებს ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო კომიტეტის თავმჯდომარის წარდინებით.
4.5. კომიტეტის წევრები აირჩევიან 2 წლის ვადით. შესაძლებელია კომისიის წევრის ხელახალი არჩევა.
4.6. კომიტეტის წევრი შეიძლება ვადამდე იქნას გაწვეული კომიტეტის შემადგენლობიდან აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, კომიტეტის თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე.
4.7 კომიტეტის თავმჯდომარეს უფლება აქვს კომისიაში მოიწვიოს სხვადასხვა დარგის ექსპერტები და იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები, როგორც სასამართლო სისტემიდან ასევე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებიდან.
4.8. კომიტეტის თავმჯდომარის და თანა-თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა შესაძლებელია აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით.


მუხლი 5. კომიტეტის სხდომა

5.1. კომიტეტი თავის უფლებამოსილების განხორცილებისას ატარებს სხდომებს, რომლებიც მოიწვევა არანაკლებ თვეში ერთხელ. სხდომის ჩატარების დრო და ადგილი გაისაზღვრება კომიტეტის თავმჯდომარის მიერ. 
5.2. კომიტეტის სხდომა ასევე შეიძლება მოწვეულ იქნას ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივით. 
5.3. კომიტეტის სხდომის მოწვევის ორგანიზაციულ საკითხებს უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე ან თანათავმჯდომარე.
5.4. კომიტეტის წვერებს, არაუგვიანეს 3 დღისა, კომუნიკაციის საშუალებებით ეცნობებათ სხდომის მოწვევის დრო, ადგილი და დღის წესრიგი. 
5.5. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის წევრთა მესამედზე მეტი. კომიტეტის თითოეული წევრი უფლებამოსილია დააყენოს წინადადება სხდომის დღის წესრიგში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.
5.6. კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ ამ დებულებით სხვა უმრავლესობა არ იქნება დადგენილი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5.7. კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნას ელექტრონული ფოსტით დადასტურებითაც, თუკი კომიტეტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობა ელექტრონული ფორმით გამოხატავს თანხმობას და ეს აისახება კომისიის სხდომის ოქმში.
5.8. კომიტეტის სხდომაზე დგება ოქმი, რომლსაც ადგენს მდივანი. ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე ან თანათავმჯდომარე და მდივანი, რაც ადასტურებს საოქმო ჩანაწერის სიზუსტეს.

მუხლი 6. კომიტეტის თავმჯდომარე/თანათავმჯდომარე

6.1. კომიტეტის თავმჯდომარე კოორდინაციას უწევს კომისიის მუშაობას და უძღვება კომისიის სხდომებს.
6.2. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს უფლება გააკეთოს საჯარო განცხადებები კომიტეტის საქმიანობასა და კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

6.3. კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის წევრებიდან აღმასრულებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომიტეტის თანათავმჯდომარეს.  
6.4. კომიტეტის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორცილების შეუძლებლობის შემთხვევაში, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ანდა თავად კომიტეტის თავმჯდომარის თხოვნის საფუძველზე კომიტეტის მუშაობას კოორდინირებას უწევს თანათავმჯდომარე.

მუხლი 7. კომიტეტის კოორდინატორი
7.1 კომიტეტის კოორდინატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აპარატი. 
7.2. კომიტეტის კოორდინატორი, ორგანიზებას უწევს კომიტეტის შეხვედრისა და კომიტეტის სხდომის ოქმის შედგენას და მის ხელმისაწვდომობას დაინერესებული პირებისათვის. 

მუხლი 8. კომიტეტის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა

8.1. კომიტეტის წევრები თავის საქმიანობას ახორციელებენ საზოგადოებრივ საწყისებზე.
8.2. კომიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები და მოწვეული ექსპერტები შეიძლება დაფინანსდეს ასოციაციის ბიუჯეტიდან ანდა კომიტეტის მიერ, ასოციაციის თავმჯდომარესა და აპარატთან კოორდინაციით, მოძიებული გრანტის და შემოწირულობის სახსრებიდან.
8.3. კომიტეტისათვის გამოსაყოფი ბიუჯეტის ოდენობას ამტკიცებს აღმასრულებელი საბჭო.
8.4. გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მიმართულებებს განსაზღვრავს თავად კომიტეტი.

მუხლი 9. ანგარიშგების ვალდებულება 

კომიტეტი ვალდებულია კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ სემესტრული (6 თვის) წერილობითი ანგარიში წარუდგინოს აღმასრულებელ საბჭოს.


მუხლი 10. დებულების შეცვლა

10.1. წინამდებარე დებულების ცვლილებებსა და დამატებებს, აგრეთვე დებულების ახალ რედაქციას ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.
10.2. დებულების ცვლილებებისა და დამატებების ან დებულების ახალი რედაქციის პროექტს ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომიტეტის თავმჯდომარე.

მუხლი 11. დებულების მოქმედების ვადა

წინამდებარე დებულება ძალაშია ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ მისი დამტკიცების დღიდან და მოქმედებს კომიტეტის საქმიანობის ვადით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი